POG: 18 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლის მოკვლა სცადა, მისი ქმარი კი მოკლა

პუბლიკა

თელავის სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც პროკურატურის განცხადებით, ყოფილი მეუღლის მოკვლა სცადა, მისი ქმარი კი მოკლა.

უწყების ინფორმაციით, მკვლელობა 2023 წლის ნოემბერში საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში მოხდა.

„2023 წლის 28 ნოემბერს, იგი შეიარაღებული მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, სადაც, მამაკაცის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ ისროლა ცოლ-ქმრის მიმართულებით. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

კაცს ბრალდება სსკ-ის სამი მუხლით ჰქონდა წარდგენილი,  109-ე – გულისხმობს განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და განსაკუთრებული სისასტიკით.

ასევე, სსკ-ის 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“ , „თ“ , „კ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას, რომელიც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ. ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება).