პროკურატურამ თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის ოთხ წევრს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს და 2021-2023 წლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, იურიდულ პირებთან ძვირფასი ლითონით (ოქრო) უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს, სადაც უზრუნველყოფის საგნად ყალბი, თითქოსდა ოქროს ნივთები გამოიყენეს.
ამ გზით ისინი ზემოთხსენებული იურიდიული პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – ჯამში 37 347 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის ოთხივე წევრი 19 მარტს დააკავეს.
მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.