POG: ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის საქმეზე დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალური ქსელების მეშვეობით, ყალბი პროფილით ეცნობოდა არასრულწლოვანებს, რის შემდგომაც მუქარის და შანტაჟის გზით, მათ ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების, ვიდეოს და სქესობრივი ურთიერთობის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა, რასაც შემდგომ სხვა პირებს უგზავნიდა.

ბრალდებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალა ამოიღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება – 8 დაზარალებულის მიმართ 11 ეპიზოდი), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი ურთიერთობის იძულება), 139-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანისთვის სქესობრივი ურთიერთობის იძულება – ორი ეპიზოდი), 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.​