პროკურატურის ინფორმაციით, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ივლისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით მივლინებულები იყვნენ აჭარის რეგიონში.
ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობისას, აღნიშნულმა პირებმა, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სამი მოქალაქე მიიყვანეს, რა დროსაც გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც არსებითად დაარღვიეს ფიზიკური პირების უფლებები და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, სამივე ბრალდებული 2026 წლის 23 თებერვალს, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს
მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.