POG: ევროპის ბიბლიოთეკებიდან წიგნების ქურდობისთვის დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო.

განცხადებით მიხედვით, 3 მათგანს 5-5- წლით, ერთს კი 4 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ერთ-ერთ ბრალდებულთან შედგა საპროცესო შეთანხმება და მას სასჯელად პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებს, გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ, ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-2023 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ“, – წერია განცხადებაში.