POG: „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე კიდევ 4 პირს ბრალი წარედგინა

პუბლიკა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინა.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა), 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინათ, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის თქმით, ოთხივე ბრალდებული მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესისა და იდენტობის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ართმევდნენ პირად ნივთებს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ასევე, ძალადობის ამსახველ ვიდეოს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ, რითაც დაზარალებულებს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებდნენ” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის თქმით, შსს-ში დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

ამ დროისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 22 პირია ბრალდებული.