პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, 4 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.
ორ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით, ხოლო ორს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ასევე, პროკურატურის ცნობით, მათ ჩამოერთვათ უკანონო საქმიანობით მიღებული თანხებით შეძენილი ქონება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, სასამართლომ მას სასჯელად ჯარიმა დაუნიშნა და საქმიანობის უფლება ჩამოართვა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით მილიონ ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს. უკანონო თანხებით ქონება შეიძინეს, რომელიც სხვადასხვა პირზე გააფორმეს, რითაც მისი წარმოშობის წყარო შენიღბეს, თუმცა თავად ფლობდნენ და განაგებდნენ აღნიშნულ ქონებას“, – წერია უწყების განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, ფიზიკურ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო იურიდიულ პირს 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარედგინათ.