POG: გამოძიება მიმდინარეობს ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში, სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები, შესაძლო დანაშაულის თაობაზე.

პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები – ჩხრეკები.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.