POG: პატიმრობა შეეფარდა პირს, რომელმაც Facebook-ზე უნებართვოდ შეაღწია, მოიპოვა დაზარალებულის ინტიმური ფოტოები და აიძულებდა სქესობრივ კავშირს

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, სექსუალური ხასიათის იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook“-ის ანგარიშზე უნებართვო შეღწევის გზით გაეცნო დაზარალებულის პირად მიმოწერას, რის შემდგომაც, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, ასევე სახელის გამტეხი და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით, დაზარალებულს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.