POG: ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმას ნაკრების წევრების მიმართ მუქარისთვის 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პუბლიკა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე სასამართლომ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ის ფეხბურთელებს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სიძის არყოფნის გამო იყო უკმაყოფილო და ფეხბურთელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს ჯანმრთელობის დაზიანებით, მათ შორის სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა.

მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

2022 წელს შაბათის ფორმულამ მუქარის შემცველი ნიშნიანიძის აუდიოჩანაწერები მოიპოვა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

შაბათის ფორმულას მოპოვებულ აუდიოჩანაწერში ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრებოდა. 

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ნიშნიანიძე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ესაუბრებოდა, ნიშნიანიძე გაბრაზებული იყო, იმის გამო, რომ საქართველო-მაკედონიის მატჩის ძირითად შემადგენლობაში მისი სიძე ვერ მოხვდა.

მუქარის შემცველ შეტყობინებაში ისმის, რომ ნოდარ ნიშნიანიძე ეჭვობდა, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ,  სწორედ ნიშნიაძესთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ეუბნებოდა, რომ ის ფეხბურთელის არასამართლიანად დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვდა.