პროკურატურის განცხადებით, „საზოგადოებრივი“ მაუწყებლისა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის 4 ოქტომბრის აქციაზე პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს.
„საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ტელეკომპანია ,,იმედის“ გადამღებ ჯგუფებს“, – წერია უწყების განცხადებაში.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამბობს, რომ დაშავებულია ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირიკიძე, რომლებსაც გაურკვეველი სითხე შეასხეს.