POG: თელავში ორი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზიანებების შედეგად, ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 24 ივლისს ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს.

პირს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაუსწრებლად წარედგინა, რაც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.