პოლარიზაცია, ანტიდასავლური რიტორიკა, სააკაშვილის საკითხი - რაზე ისაუბრეს 3 ქვეყნის სპიკერებმა

პუბლიკა

საქართველოში ვიზიტით სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეები იმყოფებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

განცხადებებში ისაუბრეს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების მნიშვნელობაზე და საქართველოს ევროინტეგრაციაზე.

ჩეხეთის პარლამენტის სპიკერმა მარკეტა პერაკოვამ განაცხადა, რომ ევროინტეგრაცის პროცესში მიხეილ სააკაშვილის დახმარება პოზიტიური სიგნალი იქნება.

„ყველა ჩვენს ქვეყანას აქვს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემები. გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ მოვუწოდებ საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და მიიღოს გარკვეული ზომები ნდობის აღდგენის მხრივ. ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის მიცემა არა მხოლოდ ვალდებულებაა – ეს ასევე დადებითი სიგნალი იქნება ოპოზიციისთვის“, – განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ევროინტეგრაცია ბევრ მუშაობას და  კომპლექსურ რეფორმებს მოითხოვს.

„ეს რეფორმები ევროკავშირისთვის კი არაა გასატარებელი, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, რომლითაც ყველა მოქალაქე სარგებელს ნახავს. ყველა პოლიტიკურმა ძალამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაონ როგორც მათ შემუშავებაში, ისე განხორციელებაში. ეს არ არის პოლიტიკური სპექტრის მხოლოდ ერთი ნაწილის ექსკლუზიური სფერო“, – განაცხადა მან.

ანტიდასავლური რიტორიკის შეწყვეტის აუცილებლობაზე და პოლარიზაციის შემცირებაზე ისაუბრა სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერმა.

„ევროკავშირში გაწევრიანება მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ მთლიანი ტენდენცია უნდა იყოს ნათელი. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება. უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე”, – განაცხადა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის სპიკერები პრეზიდენტსა და პრემიერსაც შეხვდნენ.