19-25 თებერვალს საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია იმყოფებოდა. დღეს დელეგაციამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
„ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა.
ამავდროულად, არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები და ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გთავაზობთ ამონარიდს დელეგაციის მიერ შემუშავებული დოკუმენტიდან:
„ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს კონკრეტულ პოლიტიკურ პერსონალიებზე დაფუძნებული პოლარიზაცია ახასიათებთ, შედეგად ახალი პოლიტიკური ალტერნატივის მიმღებლობა ძალზე დაბალია.
გარდა ამისა, იკვეთება პოლიტიკური აქტორების თვითრეფლექსიისა და სამომავლო ხედვების ჩამოყალიბების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე დისკუსიის ნაცვლად, პოლიტიკაში ჩართული მხარეების ყურადღება ოპონენტების წარსულ შეცდომებზე ფოკუსირდება.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის მიუკერძოებელ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე სიტყვიერი თავდასხმები.
შემაშფოთებელია, ასევე, ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო ლიდერებზე მიმართული გენდერული ნიშნით მოტივირებული თავდასხმები.
ეს უკიდურესად დამაზიანებელია და აფერხებს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ზიანს აყენებს დემოკრატიის წარმომადგენლობითობას. მიუხედავად ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევისა, დღემდე მიღებული ზომები საკმარისი არ არის.
აუცილებელია დამატებითი ძალისხმევა, რათა ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს არჩევნების ყველა ასპექტის შესახებ ჰქონდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია, მათ შორის ტექნოლოგიების დანერგვისა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების თაობაზე.
ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტქი+) თემის წარმომადგენლების თანასწორი და ღირსეული მოპყრობა ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია. მნიშვნელოვანია ამ და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ წარსულში განხორციელებული ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე სათანადო რეაგირება. მთავრობას შესწევს უნარი და აქვს ვალდებულება, წინასაარჩევნო პერიოდში ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
წინა არჩევნების მსგავსად, გავრცელებულია შეხედულება, რომ ხელისუფლებამ, არჩევნებში უპირატესობის მოსაპოვებლად, შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს. აღნიშნულ მოლოდინს ამძაფრებს საქართველოს პროკურატურაში წარსულში წარდგენილი ბრალდებების ირგვლივ კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა და არჩევნებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლის ირგვლივ არსებული ბუნდოვანება.
ძირითადი სამაუწყებლო მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკა პარტიულ ინტერესებს ასახავს. თუ არ ჩავთვლით ონლაინ მედია საშუალებებს, სამაუწყებლო სივრცე პარტიებს შორის შინაარსიანი დისკუსიებისთვის შეზღუდულია.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია ტექნიკური კომპეტენცია, ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს მისი შემადგენლობისა და კომისიის წევრების არჩევის შესახებ კონსენსუსის ნაკლებობა. საქართველოს მოსახლეობა არჩევნების დღეს ტექნოლოგიების გამოყენებას მიესალმება, თუმცა ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს.
5%-იანი საარჩევნო ბარიერი და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პლურალიზმის შემცირებისა და, შედეგად, ნაკლებად წარმომადგენლობითი პარლამენტის მიღების რისკებს შეიცავს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
დელეგაცია ჩართულ მხარეებს შემდეგ პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს სთავაზობს:
● პოლიტიკურ პოლარიზაციასთან საბრძოლველად, საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ საჯაროდ ცნოს სხვა აქტორების, მათ შორის განსხვავებული ხედვების მქონე მხარეთა, ლეგიტიმურობა და პროაქტიულად აღიაროს, რომ დემოკრატიული არჩევნების არსი განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა პატივისცემაა. ამასთანავე, შეწყდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ მტრული რიტორიკა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობები.
● საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებმა, დაგმონ ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი თავდასხმები, რათა არჩევნებში ყველა მოქალაქის თავისუფალი მონაწილეობა უზრუნველყონ.
● საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა საჯაროდ აღიარონ, რომ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები სანდო საარჩევნო პროცესებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მათ მიერ მომზადებული ანგარიშები, მიგნებები და 6 რეკომენდაციები არჩევნების სანდოობის ხელშეწყობას ემსახურება.
● პოლიტიკურმა პარტიებმა, ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ ჟურნალისტების და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ლგბტქი+ თემის, წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის გამოყენებისგან ან გაშუქებისგან და ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მიზოგინიური თავდასხმებისგან.
● შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს მისი როლის გამჭვირვალობა; აგრეთვე, კენჭისყრის ფარულობისადმი ნდობის გაძლიერების მიზნით, უპასუხოს სამინისტროს საქმიანობის ირგვლივ არსებულ ეჭვებს.
● საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო მედია საშუალებებმა საკუთარ პროგრამებში ჩართონ პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვანი სპექტრი. ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, რომ ჩაერთვებიან როგორც თანამოაზრე, ისე განსხვავებული პოზიციების მქონე მედიის გადაცემებში და მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში.
● ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააძლიეროს კენჭისყრის ფარულობის შესახებ ეჭვების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა; იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამომრჩეველთა ინფორმირების გზით, დაარწმუნოს მოსახლეობა, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, რომ მათი ხმის ფარულობა დაცულია.
● სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს არჩევნების ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბის ტესტირება, რომელიც გაიმართება არჩევნების დღისთვის დამახასიათებელ პირობებში, რათა კიდევ უფრო გაზარდოს საზოგადოების ნდობა.
● ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა, ამ ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული პირობებისა და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო მასალების შემუშავებით.
● ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმართოს საზღვარგარეთ უბნების შექმნის უფრო გამჭვირვალე პროცესი და, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პასიური საარჩევნო უფლების რეალიზება”, – წერს NDI-ის დელეგაცია.