პოლიციამ არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ქალები გზის სამანქანო ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანა.
ქალები ცესკოს შენობიდან აღმაშენებლის ძეგლისკენ მსვლელობით მიდიან. მათ გზის გადაკეტვა სცადეს. თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებმა ქალები გზის სამანქანო ნაწილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. თუმცა, აღმაშენებლის ხეივანზე ტროტუარი არ არის.
„გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს. მშვიდობიანი აქციის დროს. ყოჩაღ, მაგრები ხართ“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
„ესენი არიან მოძალადეები. მზად არიან, ფიზიკურად იძალადონ ნებისმიერ ადამიანზე“, – თქვა ანა დოლიძემ.
ქალები ძალადობაში ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსს, ლაშა სალუქვაძეს ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ფოტოგრაფმა ვახო ქარელმა „ტვ პირველთან“ თქვა, რომ ლაშა სალუქვაძემ მას მუშაობაში ხელი შეუშალა.
„გაიწიეო. ვარ ჟურნალისტი, ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ხელს მიშლის სამუშაოს შესრულებას. მიდით და ჰკითხეთ, რატომ არ აძლევს ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას. ან რატომ აძლევს თავს უფლებას, ასე მოგვმართოს. „გაიწიე, ბიჭო“ – მისი მეგობარი ვარ და არ ვიცი?“ – თქვა ვახო ქარელმა.
„რამდენი ვიღაც რაღაცას იტყვის, ყველაფერზე კომენტარი ვაკეთოთ, კაცო?“ – უთხრა სალუქვაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
მანამდე ქალები ცესკოს შენობასთან შეიკრიბნენ. მათ საარჩევნო კომისიაში ინდივიდუალური განცხადებების შეტანა უნდოდათ არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით.
თავდაპირველად შეკრებილები ცესკოს შენობასთან ახლად დამონტაჟებული ღობეებით შენობის მიღმა, საპარკინგე სივრცესთან მოაქციეს და ჩაკეტეს. მოგვიანებით ისინი ეზოში შეუშვეს, თუმცა, არ უშვებდნენ შენობაში განცხადების დასატოვებლად. საბოლოოდ, ქალებმა ინდივიდუალური განცხადებების შეტანა შეძლეს. თუმცა, პროცესი პოლიციის მიერ შექმნილი არაერთი დაბრკოლების პარალელურად წარიმართა.