პოლიცია „დაიტოვეს” საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, მოხდება საპროტესტო აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება და ისინი დაჯარიმდებიან.
სამართალდამცველების განმარტებით, აქციაზე ადამიანების ის რაოდენობა არ არის შეკრებილი, რომ მათ გზა გადაკეტონ და საგზაო მოძრაობა შეაფერხონ.
„აქციის ორგანიზატორი დაჯარიმდება 5000 ლარით, აქციის მონაწილეები – 500 ლარით. უნდა გადაიყვანოთ ხალხი გზის სავალი ნაწილიდან, თუ არადა, ჩვენ ვიწყებთ აქციის ხალხის იდენტიფიცირებას”, – განუცხადა პოლიციამ აქციის მონაწილეებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და პროტესტი გრძელდება. მათი განმარტებით, ეს არის „შეშინებული ხელისუფლების ქმედება” და ახლა უფრო მეტი სტიმული აქვთ, რომ საპროტესტო აქციები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდეს.
აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ მტკვრის ორივე სანაპირო, ასევე ბარათაშვილის ხიდი.
ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამიტომ მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
ორგანიზატორების თქმით, ეს „დაიტოვეს” გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისია და მსვლელობით სურთ საფუძველი ჩაეყაროს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.
„დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ აქციას სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ.