პოლიცია დამეძებს, საპატრიარქოდან გამოჰყვა კამერებს, მაღაზიიდან ამოიღეს ჩანაწერები - ანდრო დადიანი

პუბლიკა

„პოლიცია დამეძებს, საპატრიარქოდან გამოჰყვა კამერების ჩანაწერს, მოვიდა ჩემს სახლამდე, მაღაზიიდან ამოიღეს ჩანაწერები და იკვლევენ ჩემი ქცევის განზრახულობას“, – აცხადებს 17 მაისს საპატრიარქოსთან დადგმული ინსტალაციის ავტორი, არტისტი ანდრო დადიანი.

„პუბლიკასთან“ არტისტი ამბობს, რომ უწყებას მისთვის ჯერ არ მიუმართავს.

„მაღაზიაში მითხრეს, რომ ამოიღეს ჩანაწერები, როგორ ვჯდები ტაქსიში და ჰკითხეს,  მიცნობენ თუ არა და ვინ ვარ“, – ამბობს დადიანი „პუბლიკასთან“.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს, მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები და რის საფუძველზე. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.

ანდრო დადიანი Facebook-ზე სამართალდამცავი უწყებისთვის თავისი „ქცევის განზრახულობას“ ასე განმარტავს – „არაფერი მეგობრებო, ბინძური ძალაუფლების ცენტრები უნდა მოირყეს, უნდა დაკარგონ სოციალური, პოლიტიკური მნიშვნელობა, იმისთვის, რომ ჩვენი ჩაგვრა ვეღარ შეძლონ“.

არტისტის თქმით, მისი მიზანი იყო, რომ „კიდევ ერთხელ, ცოტა ხნით გვეფიქრა ამ უსინდისოთა უსინდისობებზე, გაგვემტკიცებინა ამ ფორმით მათი საჭიროების არარსებობა და გაგვეგრძელებინა ცხოვრება“.

„ქართული ეკლესია არის ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, ადამიანისა და ცხოვრების მოდერნულობის ყველაზე დიდი მტერი, მაგრამ ამის მიუხედავად მათ გაჟლეტას კი არა, უბრალოდ მათთან ზურგშექცევით დგომაში ვხედავ გამოსავალს. ამათმა მოკლეს ყველაფერი ახალი აღთქმისეული ეკლესიურ ცხოვრებაში და არაფერი გვესაქმება ასე ღვთივგანძარცვულ შენობებში, არქიტექტურის ინტერესის გარდა.

ხშირად უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ მათზე, რომ უფრო და უფრო მეტი არგუმენტი გვქონდეს ამ ღმერთის გამანადგურებელი ინსტიტუციისგან განდგომისთვის. ვუყუროთ ვინ ახვევია მათ გარს, რა სურვილებით, როგორი ლექსიკით, რა არგუმენტებით ამაგრებენ თავიანთ „სულიერ ტაძარს“ და მოვლენათა ჯაჭვის მარტივი, მიზეზ-შედეგობრივი ანალიზიც დაალაგებს ჩვენს მიმართებებს მათთან.

რამ გამაკეთებინა ეს ინსტალაცია, ამის შესახებ პირად სენტიმენტებს არ მოვყვები. სამწუხაროდ, ჩემი თანაგანცდა და წარმოდგენა არ სჭირდება მათი ბინძური, სასტიკი ძალის აღქმას, ვიცი, ყველას თქვენი წილი ჩაგვრა და ძალადობა გაქვთ განცდილი პირდაპირ თუ ირიბად“, – წერს არტისტი.


2013 წლის 17 მაისის მოვლენებიდან 10 წლის თავზე, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ანდრო დადიანმა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან თავისი ნამუშევარი განათავსა – კალათბურთის ფარი, რომელზეც ხორცისგან შეკერილი ბადე ეკიდა.