შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „თბილისის პრაიდის“ უსაფრთხოებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
მისი თქმით, ამ საკითხზე გაეროს განვითარების პროგრამის ჩართულობით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც შსს-ს წარმომადგენელიც დაესწრო.
„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც აღნიშნული ღონისძიების – „ღირსების მარშის“ გამართვას უკავშირდება და ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. მათი მხრიდან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იქნა გაცხადებული, რომ ისინი არ განიხილავენ ღონისძიების არც ლოკაციის შეცვლას, არც რაიმე ტიპის მოდიფიცირებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, კანონის ფარგლებში, თუკი იგი არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს. ამ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა დარახველიძემ.
5 ივლისს, ღირსების მარში გაიმართება. გარდა ღირსების მარშისა, მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის“ იქნება.