პოლიცია იმოქმედებს მანდატის ფარგლებში - შსს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

„პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2 ადამიანია დაკავებული 166-ე და 173-ე მუხლებით. მისი თქმით, ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას ვერ მიაწოდებს მედიას. მისი თქმით, მიმდინარეობს იდენტიფიცირება და მათი გადაყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, პროცესის მონიტორინგს სახლახო დამცველი აწარმოებს და შეფასებას მოგვიანებით გააკეთებს.