პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მათ შეეძლოთ - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა. მან გამოჯანმრთელება უსურვა დაშავებულებს და განაცხადა, რომ პოლიცია მუშაობდა იმ ფარგლებში, რაც შეეძლოთ.

წულუკიანის განცხადებით, უნდა გავეცნოთ ადამიანის უფლებების სამართალში „რამდენიმე წიგნს“ და ჩვენს თავს უნდა შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა სამშობლო დგას.

„ჩვენ გუშინ გარკვეული მოვლენები ვიხილეთ. მალე გამოჯანმრთელება მინდა, ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაშავდა. აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც, იმ ფარგლებში, რაც მათ შეეძლოთ. მათი მხრიდან ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან.

ყველამ საკუთარ თავს რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ, მაგალითად ის, რომ ადამიანის უფლებების სამართალში რამდენიმე წიგნს მაინც გავეცნოთ. იმას, თუ რას ვგულისხმობ, ჩემი, როგორც ადამიანის უფლებების სასამართლოს ყოფილი თანამშრომლის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიერ ნებისმიერი გადაცემის პირობებში შეიძლება გაიშალოს – ეს ერთი.

მეორე – ყველამ ჩვენს თავს შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა სამშობლო დგას. ეს სამშობლო უამრავი გამოწვევის წინაშეა, მათ შორის ოკუპაციის წინაშე და ყველამ ყველა ღონე უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწებული ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო დავიცვათ და როგორმე გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უფლებებს, ისე, რომ ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო მშვიდობა ქვეყნის შიგნით არ დავაზიანოთ. ის, რომ სამშობლო დგას ყველაზე მაღლა, ეს იყო ამ მიწაზე ყოველთვის ასე, ახლაც ასეა და იმედია, მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.