პოლიციამ 12 ადამიანს 2000-2000-ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერა - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი მირზა ნოზაძე „მთის ამბებთან” საუბრისას ამბობს, რომ გუმათჰესთან პოლიციამ დაახლოებით 12 ადამიანს 2000-2000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

3 აპრილს ამ ადგილას პოლიციას გზა ჰქონდა გადაკეტილი და მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს რიონის ხეობისკენ არ უშვებდა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოსახლეობის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ სურდათ შეერთებოდნენ სოფელ ნამოხვანში პროტესტს, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევდა.

„ჩვენ გვინდოდა მისვლა ნამოხვანის კარვებთან და პოლიციამ იცოდა, რომ ჩვენ მივდიოდით ნამოხვანის კარვებში ღამის გასათევად. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჩვენ ნამოხვანის კარვებში მორიგეობით ვიკრიბებით, იქ ჩვენ არ გვეზღუდება შეკრების თავისუფლება, მიუხედავად კომენდანტის საათისა. მიუხედავად ამ ყველაფრის ცოდნისა, პოლიციამ შეგვაჩერა გუმათთან. ვერ აგვიხსნა, რატომ არის გზა გადაკეტილი… რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო, რომ შევერთებოდით ვარლამს და სხვა აქტივისტებს, რომლებიც ალყაში მოაქციეს თავიანთი კორდონებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ განვუმარტეთ, რომ არ გვქონდა წასასვლელი, გარდა ნამოხვანის კარვებისა, ასევე, გარდა ლეჩხუმის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ჩვენი მეგობრებისა, მიუხედავად ამისა, პოლიციამ გადაწყვიტა ჩვენთვის ყველასთვის გამოეწერა სამართალდარღვევის ოქმები, დაახლოებით 12 კაცს გამოგვიწერეს 2000-ლარიანი ოქმები [ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო]. რა თქმა უნდა, ჩვენი იურისტები გაასაჩივრებენ ამას”, – ამბობს მირზა ნოზაძე.

„მთის ამბებთან” ასევე საუბრობს ყაზბეგიდან მხარდასაჭერად ჩასული ლელა წიკლაური. 

„მე ამ მხარეში ერთადერთი თავშესაფარი მაქვს ნამოხვანის კარვები. მივდიოდი იქ. 6 საათზე ვიყავი უკვე აქ [გუმათთან]. აქედან არის 15-30 წუთის სავალი იქამდე. პატრულის თანამშრომლებმა სრულიად უკანონოდ გაგვაჩერეს, არ გაგვიშვეს თავშესაფრამდე და როდესაც მოახლოვდა 9 საათი, დაგვადანაშაულეს იმაში, რომ ვარღვევდით კომენდანტის საათს”, – ამბობს ის.

„პუბლიკა” დაჯარიმებულების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით განაახლებს.


გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ. მათი თქმით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე „დროებით შეიზღუდა უსაფრთხოების მიზნით”.