პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამცხე – ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში, გუშინ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამარათლდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი. ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, მისი ჩამდენი პირების დადგენა-დაკავებისთვის.

ახალქალაქში ახალგაზრდა კაცი გუშინ მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაიღუპა. ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, მკვლელობას ქალაქში არეულობა მოჰყვა, რომელიც დაახლოებით 19:00 საათისთვის დაიწყო. მოქალაქეთა ჯგუფმა ახალქალაქის ცენტრში ერთ-ერთი სასტუმროს ფანჯრები ჩაამტვრია და შემდეგ შენობის დაწვა სცადა. დაპირისპირების განსამუხტად, გამოცემის ცნობით, ქალაქი ცენტრი და რამდენიმე შენობასთან მისასვლელი სპეცრაზმმა გადაკეტა, ქალაქის სხვა ნაწილებში კი პოლიცია იყო მობილიზებული.