პოლიციამ აზერბაიჯანში არასამთავრობო ToplumTV-ის ოფისი დაარბია. Topulum TV დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია ორგანიზაციაა, რომელიც 2016 წელს ალასგარ მამადლიმ დააარსა.
OC Media-ს ცნობით, ჟურნალისტმა გუზლარ მემედლიმ ოთხშაბათს შუადღისას განაცხადა, რომ პოლიციამ ალყა შემოარტყა შენობას, დააკავეს ორი ჟურნალისტი, ელმირ აბასოვი და არაზ ალიევი.
„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სხვა ჟურნალისტებთან, რომლებიც პოლიციამ წაიყვანა, ამჟამად დაკავშირება ვერ ხერხდება.
აზერბაიჯანის პოლიტიკურმა ჯგუფმა „მესამე რესპუბლიკურმა პლატფორმამ“ 6 მარტს, შუადღისას განაცხადა, რომ მათ არ შეეძლოთ, დაკავშირებოდნენ Topulum TV-ის სამ ჟურნალისტს – აკიფ გურბანოვს, რუსლან იზატლის და არაზ ალიევს – მედიის ცნობით, ნავარაუდებია, რომ ეს პირებიც დააკავეს.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ BBC-ის აზერბაიჯანის ბიუროს განუცხადა, რომ „მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები ადამიანთა ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე“.
OC Media-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე დამსწრე დამკვირვებლების თქმით, პოლიციის ჩხრეკა Topulum TV-ის ოფისში დაახლოებით საღამოს ექვსი საათისთვის დასრულდა, რის შემდეგაც ოფისის კარი დაილუქა.
მამადლიმ OC Media-ს განუცხადა, რომ 18:30 საათისთვის რეიდი ტარდებოდა ჟურნალისტი გურბანოვის სახლშიც. გარდა იმისა, რომ გურბანოვი „მესამე რესპუბლიკის პლატფორმის“ წევრია, ის ასევე არის დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის (IDI) თავმჯდომარე – აღნიშნული ჯგუფი მხარს უჭერს აზერბაიჯანში დემოკრატიასა და თავისუფალ არჩევნებს.
მედიის ცნობით, ჟურნალისტ ფატიმა მოვალმის თქმით, ოთხშაბათს საღამოს პოლიციამ ასევე დაარბია Topulum TV-ის კიდევ ერთი ჟურნალისტის, ფარიდ ისმაილოვის სახლი.
BBC-ის აზერბაიჯანის ბიუროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ჩხრეკა ჩატარდა Topulum TV-ის ინტერნეტ არხის ოფისსა და „დამატებით მისამართებზე“.
Topulum TV-ზე ზეწოლა დარბევამდეც ხორციელდებოდა. თებერვლის დასაწყისში, მედია Meydan TV-ის რედაქტორმა ორხან მამედმა OC Media-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე პროსამთავრობო მედია ხშირად წერდა Topulum TV-ზე.
ამასთან, ორხან მამედმა OC Media-თან აღნიშნა, რომ Topulum TV განიცდიდა ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან.
BBC-ის აზერბაიჯანული ბიუროს ინფორმაციით, ჩხრეკის შემდეგ Topulum TV-ის Youtube არხიდან სრულად გამქრალია ვიდეოები.
მედიის დამფუძნებლის, ალასგარ მამადლი Facebook-ზე გამოეხმაურა Youtube არხიდან ვიდეოების გაქრობასა და სახელის შეცვლას და აღნიშნა, რომ დარბევის სამიზნე Topulum TV-ის საქმიანობაა.
Topulum TV-ის მთავარმა რედაქტორმა, ცნობილმა აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილმა BBC-ის აზერბაიჯანის ბიუროს განუცხადა, რომ ჩატარებულ ჩხრეკას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – მედიის გაჩუმება.
„ეს გადადგმული ნაბიჯების გაგრძელებაა, რომ ქვეყანაში აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა და არ იყოს სიტყვის თავისუფლება. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არც ერთი სისხლის სამართლის საქმისთვის სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ისმაილმა BBC-თან.
Topulum TV-ის დარბევა აზერბაიჯანში ფართომასშტაბიანი დარბევების ფონზე მოხდა – მედიის ცნობით, აზერბაიჯანში არბევენ იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც არ მიჰყვებიან პროსამთავრობო ხაზს.