პოლიციამ ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი პირი – 1974 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 8 ოქტომბრის ღამით ბათუმში მეზობლად მცხოვრებ ძმებს მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მიღებული დაზიანებების შედეგად, ტ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი
ა.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია“, – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაიწყო და რ. გ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.