პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე აქცია ისევ დაშალა | ამ დროისთვის, საპოლიციო ძალები მელიქიშვილზე განლაგდნენ

პუბლიკა

პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ის I კორპუსის მიმდებარედ აქცია ისევ დაშალა. ამ დროისთვის, საპოლიციო ძალები მელიქიშვილის გამზირზე განლაგდნენ.

„რუსებო, რუსებო” – ამ შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ აქციის მონაწილეები საპოლიციო ძალებს.

„ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე გავჩერდით. ხედავთ მგონი ყველანი, სადაც გავჩერდით. დანარჩენი, თუ რამე მოთხოვნა იქნება, აუცილებლად ვეტყვით. ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე ვჩერდებით და ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვაძლევთ მანიფესტანტებს უფლებას, რომ მიიღონ მონაწილეობა აქციაში.” – განაცხადა საპატრულ პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

იქამდე პოლიციის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებთან მივიდნენ და განუმარტეს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ, მათ აქციის მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მისცეს დასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააფრთხილეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ სავალი გზის გასათავისუფლებლად.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან გიორგი ვაშაძესა და პოლიციას შორის საუბრისას ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას. ვაშაძე მათგან 40 წუთის ვადას ითხოვდა, რაზეც პოლიციამ უარი უთხრა.

„მე ვთხოვე 40 წუთი და პასუხს ვერ გვცემენ. 40 წუთი არის გონივრული ვადა. მე ჩემი პოზიცია ჩამოვუყალიბე მათ, მათ პასუხი არ აქვთ”, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ოპოზიციის ლიდერებმა ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ის I კორპუსთან შეკრებილებს შეკრებილებს მელიქიშვილის გამზირისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.

15-წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, საპოლიციო ძალები მომიტინგებისკენ დაიძრნენ, გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს კარვები და სხვა ტექნიკა.

ჭავჭავაძის გამზირზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიცია დაახლოებით, დილის 06:00 საათიდან გამოჩნდა.