პოლიციამ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგი გამართა და საარჩევნო პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე.

„მათ შორის, გამოძიება დაიწყო:

– ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის – ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

– ქალაქ ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N13-ში მდებარე N20-ე საჯარო სკოლაში განთავსებული 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია “ლეიბორისტების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა – ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით.

ასევე გამოძიება დაიწყო, ქ. თბილისის ისნის N39, მარნეულის რაიონი, სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, “- განაცხადა მან.

ნინი ცაციაშვილის თქმით, რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე.

„აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს – საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში მომართონ პოლიციას, რათა ყველამ ერთად ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას, “- განაცხადა მან.