მარნეულის რაიონის სოფელ იმირში, ჰაერში სროლისა და „დრიფტის“ გამო, სამი ადამიანი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში 28 ივლისს გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ქორწილში შეკრებილები მანქანებით სწრაფად გადაადგილდებიან და ჰაერში ისვრიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ვიდეოკადრები ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტმა მიაწოდა სამართალდამცველებს. სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს ფაქტის შესწავლა.
„პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, უმოკლეს დროში მოხდა სამართალდამრღვევი პირების დადგენა და მათი დაჯარიმება. კერძოდ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით (საავარიო სიტუაციის შექმნა) დაჯარიმდა კადრებში ასახული ავტომობილის მძღოლი, ხოლო ამავე კოდექსის 181-3 მუხლის მიხედვით (გაზის აირის ან აკუსტიკური იარაღის ტარების წესების დარღვევა) დაჯარიმდა 2 პირი. პოლიციამ სამართალდამრღვევი პირებისგან ორი ხმოვანი პისტოლეტი ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.