პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით - მდინარაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამაუკა მდინარაძე სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა დაშლას გამოეხმაურა.

„არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ ქალაქის პარალიზება მოახდინოს, ბუნებრივია ქართული ახელმწიფო ვერ დაუშვებს ამას , თქვენ იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში მათ ეს მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.

ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული წახალისუებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვდინენ საქართველოში წინა დღეების განმავლობაში, წააქეზეს აგენტურა – აქ მაიდნისკენ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნაბში“,- განაცხადა მდინარაძემ.

დღეს აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილით უკვე გათავისუფლებულია.

საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.

დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დააკავეს „მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია. მას თვალსა და ტუჩის არეში ჩალურჯებები აქვს.

პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, დაახლოებით, დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა.