„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და თბილისის საკრებულოს წევრები, ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძემ ხელი შეუშალა სამართალდამცველების მუშაობას, რასაც მოჰყვა მისი დაკავება.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“, – აცხადებს შსს.
ირაკლი ეძგვერაძის დაკავების პერიოდში გადაღებული ვიდეოკადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება, სავარაუდოდ, პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეს, ფაქტობრივად, „სახლში შეუვარდნენ“ და მოქალაქეები მის დასაცავად გამოვიდნენ.
ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავების შესახებ განცხადება პარტიის სახელითაც გავრცელდა. „ნაციონალური მოძრაობა“ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. პარტიაში ამ დაკავებას პრემიერის დღევანდელ განცხადებას უკავშირებენ, რომ თითქოსდა თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერები, რის გამოყენებასაც ოპოზიცია, კობახიძის მტკიცებით, წინასაარჩევნოდ ეცდება.
„ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“.