პოლიციამ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული პირი დააკავა.
„ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, დასთან სტუმრად ყოფნის დროს, მეუღლეს – 1992 წელს დაბადებულ ი.ო.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.