პარლამენტთან მიმდინარე მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციაზე მოძრაობის 4 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მოძრაობის წევრების თქმით, დაკავებულები არიან მათი აქტივისტები: ნოდარ რუხაძე, ლექსო მაჭავარიანი და ნოდარ რუხაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტები დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია სახელწოდებით, „დაუმორჩილებლობა“ პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებშიც გრძელდება. აქცია 10 საათზე დაიწყო.
დღეს 6 საათზე ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა, ნაწილი ამ დრომდე რჩება პარლამენთან. მათი მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები, თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო კომისიის შეცვლა, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
გუშინ, 8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ის შეფასებით, ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციამ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.
შსს-ის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, სულ 19 პირია დაკავებული.