პოლიციამ ქუთაისში „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ბრალდებით 1948 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ – ბ.კ.-სა და რ.ძ.-ს მიმართა. ქურდული გარჩევის შედეგად, „კანონიერმა ქურდებმა“ ფინანსური დავა პ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტეს, მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის – დაახლოებით 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.

„პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და დაკავებულის მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც იგი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდა“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.