პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 75 მოქალაქე დააჯარიმა.

1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.