პოლიციამ შსს-ს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1955 წელს დაბადებული ნ.ც. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ც. მომხდარიდან მალევე, თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავა”, – წერს შსს.

უწყება წერს, რომ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.