პოლიციამ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები შენობაში პროტესტის გამო დააჯარიმა

პუბლიკა

თეატრალურ უნივერსტიტეტში პოლიცია დღეს უკვე მეორედ მივიდა და ამჯერად სტუდენტები შენობაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე აქციის აკრძალვის საფუძველზე დააჯარიმა.

თეატრალურ უნივერსტიტეტში, სადაც 80 დღეზე მეტია, სტუდენტების ნაწილი პროტესტის ნიშნად ღამეს ათევს, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა დილას შენობის დეზინფექცია ისე დაიწყო, სტუდენტებისთვის წინასწარ არ უცნობებია. შეწამვლის დაწყების შემდეგ უნივერსიტეტის დაცვამ მათ ალტერნატიულ სივრცეში გადასვლა მოსთხოვა.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული სივრცე პატარაა და სხვა სივრცეც არსებობს, რომელიც უფრო დიდი და მისაღებია, თუმცა დაცვა სტუდენტებს ამ სივრცის გამოყენებაზე უარს ეუბნება.

ამ საკითხზე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა. სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდეგ პოლიციამ შენობა დატოვა.

„პუბლიკასთან“ საუბარში ლიზა წერეთელმა თქვა, რომ პოლიციამ სტუდენტები გააფრთხილა, რომ თუ ადმინისტრაცია კიდევ გამოიძახებს მათ, ისინი შენობაში უნებართვო პროტესტისთვის დაჯარიმდებიან.

აქედან, დაახლოებით, საათ-ნახევარში პოლიცია უნივერსიტეტში დაბრუნდა.

პირდაპირი ეთერის მიხედვით, პოლიციელებმა ცალ-ცალკე მოახდინეს სტუდენტების იდენტიფიცირება და შეკრების კანონის მე-9 და მე-11 მუხლის დარღვევის საფუძვლით საჯარიმო ქვითრები გამოუწერეს. მუხლის დარღვევა 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.