პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 10 ადამიანი იძულებით კარანტინში გადაიყვანა - შსს

პუბლიკა

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 21 მარტს, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 10 ადამიანი გადაიყვანა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათი თქმით, 21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

„ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვეაა, აქედან 3 გამოჯანმრთელებულია.

დღეს ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტირმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ 2 პაციენტის განმეორებითი ტესტი უარყოფითი იყო.

საქართელოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ის ერთი თვის განმავლობაში, 21 აპრილამდე გაგრძელდება.