პოლიციამ წუხანდელ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით სატვირთოს მძღოლი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

შსს-ს განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.