პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, სადაც აქტივისტებს პოლიციის თანამშრომლები კარვის განთავსების შესაძლებლობას არ აძლევენ. დაპირისპირება შეკრების ოცზე მეტი მონაწილის დაკავებით დასრულდა.

„საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის კარვის განთავსების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შეკრების მონაწილეთა მხრიდან კარვის ფლობის შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის არსებობა არ ვლინდება“,- ნათქვამია განცახდებაში.

აქვე ნათქვამია, რომ გავრცელებული კადრების შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია სამართალდამცავთა კორდონით, რაც საჯარო სივრცეში შეკრების სასურველ ადგილას გამართვის შესაძლებლობის გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აწარმოოს აქციების მონაწილეებთან.