პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 პირი დააკავეს

პუბლიკა

სამართალდამცველებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით 3 ახალგაზრდა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულებმა 12 აპრილს მარნეული – სადახლოს გზაზე ავარიული სიტუაცია შექმნეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს.

სამართალდამცველების მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა, გზა გააგრძელა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, მაგრამ მოცურდა და გადაბრუნდა. პოლიციამ ახალგაზრდების დაკავება სცადა, მათ კი დაკავებისას სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

„ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში შეუშალეს ხელი და მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ მალევე დააკავა“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.