„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში ვაჟა-ფშაველას გამზირზე პოლიციელის მიერ გასროლილი უმისამართო ტყვიით ქალის მოკვლას ეხმაურება.
„პოლიციელს, ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას, რაც დამნაშავისგან უნდა განასხვავებდეს, ისაა, რომ ამას კანონის დასაცავად ან აღსასრულებლად აკეთებდეს. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიციაში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი, რომელსაც პოლიციელობა არა კანონის, არამედ პოლიტიკური ხელისუფლების მსახურება გონია, ან რომელიც ხელმოცარული კრიმინალია, რომლისთვისაც პოლიციელობა უბრალოდ ძალადობის იმუნიტეტია. და არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ასეთი პოლიციელები უფრო საშიშები და მავნებლები არიან, ვიდრე ჩვეულებრივი კრიმინალები”, – წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/george.mshvenieradze/posts/10221004218076326
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით“, – წერს პროკურატურა.
ეს მუხლი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.