საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 19-353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიცოცხლის მოსპობის მცდელობას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 იანვარს, ღამის საათებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება ქ. ბათუმში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთან დაკავშირებით.
შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სამი პატრულ-ინსპექტორი გამოცხადდა. ბრალდებული პოლიციელებს სიცოცხლის მოსპობის მიზნით, მოულოდნელად, დანით თავს დაესხა და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებული 21 იანვარს დააკავეს – დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მანამდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობდა.