პოლიციელების მიერ შესაძლო არასათანადო მოპყრობის 367 საქმიდან, პასუხისგებაში მიეცა 13 პირი - EMC

პუბლიკა

2018 წელს პროკურატურის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება სულ 367 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც ბრალდებულის სახით, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 13 პირი მიეცა. 2019 წლის 9 თვის ანალოგიური მონაცემებით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, გამოძიება 237 საქმეზეა დაწყებული, ხოლო ხსენებული შემთხვევებიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 6 პირის მიმართ დაიწყო, – ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) კვლევაში – „არასათანადო მოპყრობის პრევენცია პოლიციის საქმიანობაში”.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ საკითხის პრობლემურობაზე,  ყოველწლიურად საუბრობს სახალხო დამცველი. მაგალითისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2013-2017 წლების ანგარიშებში, ქვეყანაში არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას მითითებულ პერიოდში სამართალდამცავი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების თაობაზე 72 წინადადება გაეგზავნა. არცერთ ამ შემთხვევაში, პროკურატურას სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაუწყია.

„ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების შიდა სტატისტიკით, 2017-2019 წლებში არასათანადო მოპყრობის 50-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და შესაბამისი მიმართვებიც გაიგზავნა პროკურატურაში, თუმცა, ამ დრომდე, არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა განაჩენი”, – ნათქვამია ანგარიშში.

EMC წერს, რომ არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურატურის არაეფექტიანი რეაგირება სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით აღჭურვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მოთხოვნის საფუძველი გახდა, რომელიც 2019 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა. მანამდე კი აღნიშნული პროკურატურის კომპეტენციას წარმოადგენდა.