პოლიციელების მოწოდებული ინფორმაციით, მათ არ უძალადიათ გიორგი მჟავანაძეზე - საგამოძიებო

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს მოძრაობა „სირცხვილიას“ დურექტორის, გიორგი მჟავანაძის საქმეზე.

მათი ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან გიორგი მჟავანაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 17 მაისს დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გ.მ.-ს ადვოკატის შეტყობინება სამსახურის ცხელ ხაზზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში, უმოკლეს დროში ჩაატარეს. კერძოდ, გამომძიებელმა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმავე ღამეს გამოკითხა დაკავებული, რომელმაც  პოლიციის თანამშრომლების მიერ მის მიმართ ძალადობის შესახებ ისაუბრა და  დაკავების გარემოებები აღწერა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-9 სამმართველოს 11 თანამშრომელი გამოიკითხა, მათ შორის ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე. გამოკითხული პოლიციის თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქე  გ.მ.-ს მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობის და სხვაგვარი უკანონო მოპყრობის ფაქტს და მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება  პოლიციის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გადაყვანის შემდეგ სხეულზე ძალადობის შესაძლო კვალის დაფიქსირების მიზნით, გ. მ.-ს მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა, რომლის ფარგლებშიც, იგი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა პირადად შეამოწმა.

„გარდა ამისა, დათვალიერდა მე-9 სამმართველოს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციაზე განთავსებული კერძო პირის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა აღნიშნული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რასთან დაკავშირებითაც, ჩანაწერების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვიდეოექსპერტიზა დაინიშნა“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, წარმოებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველსაყოფად.

ასევე, საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, განმცხადებლის საქმეში ჩართულობისა და გამოძიების მეტი გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, გ. მ.-ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მისცეს სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.