15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო სცადა, გუშინ გარდაიცვალა.
ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმის გამომძიებელისთვის ბრალის წაყენებაზე განცხადება გაავრცელა.
ჩვენების მიცემის იძულების მუხლით დააკავეს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, რომელიც 10-11 დეკემბერს ლუკა სირაძის გამოკითხვაში მონაწილეობდა. ასევე 16 დეკემბერს გამოძიების დასრულებამდე მარიამ ჩოლოიანთან ერთად დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს უფლებამოსილება შეუჩერდა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის რეზო აჭარაძის თქმით, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ არასრულწლოვნის გამოკითხვაში მონაწილეობდა 3-4 პოლიციელი. ამ პირების იდენტიფიცირების შემდეგ მოლოდინი აქვს, რომ გამოძიება ბრალს სხვა პირებსაც წაუყენებს.
მისი თქმით, საქმის მასალებში, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაეცნო, დევს ორი პირის ჩვენება, რომელიც ადასტურებს განყოფილებაში გამოკითხვისას მოზარდის მიმართ პოლიციელების მხრიდან იძულებისა და ზეწოლის ფაქტს.
საქმის მასალებში დევს მოზარდის დედისა და სკოლის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ჩვენება.
„დგინდება, ზოგადად, რომ ერთზე მეტი იყო აშკარად. დედამისიც ამბობს თავის ჩვენებაში და ასევე, არის კიდევ ერთი პირის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ 3-4 პიროვნება არასრულწლოვანს დაძაბული ტონით აგრესიულად ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, რომ თუ არ აღიარებდა, მის ძმას სასწავლებელში პრობლემები შეექმნებოდა. ცალსახაა, რომ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.
ის მეორე პირი სკოლის უსაფრთხოების მენეჯერია, დაცვის უფროსი, რომელიც იქ იყო გამოკითხვის დროს. როგორც ჩანს, გამოკითხვის რაღაც ნაწილს დაესწრო. ჩემი ინფორმაციით, გამოკითხვას სრულად არ ესწრებოდა. მასალები გამოძიებამ ღამე გაგვაცნო. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერის ჩვენებაა, სადაც წერია, რომ გამოკითხვაში 3-4 ადამიანი მონაწილეობდა და აგრესიულად მიმართავდნენ მოზარდს“, – ამბობს რეზო აჭარაძე.
მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და მოზარდზე იძულებისა და ზეწოლის ფაქტზე ეს მტკიცებულებები აქვს ინსპექტორს (დედისა და დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ჩვენება).
მისივე თქმით, ახლა უნდა ჩატარდეს მოკვლევა და უნდა მოხდეს კონკრეტული პოლიციელების ინდეტიფიცირება, ვინც ლუკა სირაძის გამოკითხვაში მონაწილეობდა. რეზო აჭარაძის თქმით, შს სამინისტრომ გამოძიებას ასევე მიაწოდა 10-11 დეკემბერის ჩანაწერები და ამ ჩანაწერების გარჩევა დედის მონაწილეობით მოხდება.
„უნდა მოხდეს გამორკვევა, რომელი პოლიციელები იყვნენ. დამატებით გამოკითხვები უნდა ჩატარდეს, ეს პირები დედამ და სხვა პირებმა უნდა აღწერონ.
ჩანაწერები ინსპექტორების სამსახურმა, ჩემი ინფორმაციით, სრულად მიიღო. დედამისი უნდა დაესწროს ამ ჩანაწერების გარჩევას და ამ ფაქტიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, როდის მოხდება ეს. ასევე უნდა მოხდეს იმ პირების იდენტიფიცრება, რომლებიც იმ დროს სხვა საქმეზე იმყოფებოდნენ განყოფილების შენობაში, იმ საერთო სივრცეში, სადაც გამოკითხვა მიდიოდა. ეს ადამიანებიც უნდა გამოიკითხონ“, – ამბობს რეზო აჭარაძე.
ლუკა სირაძის გამოკითხვის დროს პოლიციელების მხრიდან მასზე ზეწოლაზე მოზარდის დედა საუბრობს, მისი თქმით, მოზარდზე პოლიციელების მხრიდან ძალადობა ინტენსიური იყო. გამოკითხვის დროს ის რამდენიმე წუთით გაიყვანა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დედისგან განცალკევებით, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა. ლუკა სირაძემ დედას უთხრა, რომ კაპეზეთი დაემუქრნენ.