პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 22 წლის მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი – 2001 წელს დაბადებული თ.ა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გარდა ამისა, სამართალდამცველების მიერ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირია დაკავებული.

აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები”, – წერს შსს.


პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო.