შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე აცხადებს, რომ ზემდგომი პირები მასზე ზეწოლას ახდენენ, რათა წასვლის შესახებ განცხადება დაწეროს.
მან „ფეისბუქლაივში“ თქვა, რომ ზემდგომები ვერ ეუბნებიან მიზეზს, რატომ უნდა წავიდეს სამსახურიდან. ჯოხაძე ვარაუდობს, რომ ერთადერთი მიზეზი მისი სიძის, გიორგი მეზვრიშვილის მეგობრობაა კახა საბანაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან.
„ჩემი აზრით, ლოგიკური ვარაუდით, ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც იყო შიდა ქართლში დაცვის პოლიციის უფროსი, და გამოუშვეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იყო კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი“, – აცხადებს ჯოხაძე.
პოლიციელის განცხადებას მოჰყვა შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაც.
უწყების თქმით, ჯოხაძესთან გასაუბრება დისციპლინური გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა, ამჟამად კი ის აგრძელებს მოვალეობის შესრულებას.
„პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება“, – აცხადებენ შსს-ში.