პოლიციელი, რომლის გასროლასაც 50 წლის ქალი ემსხვერპლა, თავისუფალია - „რადიო თავისუფლება“

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის გასროლასაც 50 წლის თამარ ანთელავა ემსხვერპლა, 2021 წლის ივლისში პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი, პატიმრობაში 15 თვე გაატარა.

როგორც ჟურნალისტური გამოძიების მასალაში ვკითხულობთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით განიხილა და პოლიციელ სოსო გაბრიაძეს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში მსჯავრდებულის ადვოკატმა გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი ბრალდების მუხლი შეამსუბუქა.

„სააპელაციო სასამართლოს 27.04.2021 წლის განაჩენით, სიმონ გაბრიაძეს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 3 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობით, რაზედაც დაუდგინდა იგივე გამოსაცდელი ვადა“, – უთხრეს „რადიო თავისუფლებას“ პროკურატურაში.

უწყების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.

როგორც გარდაცვლილის სიძე „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, ოჯახის წევრებზე დიდი როლი ითამაშა დეკანოზ შალვა კეკელიასთან საუბარმა. როგორც ის ჰყვება, მოძღვარმა გარდაცვლილი შვილს უთხრა, რომ არ მიეღო მონაწილეობა 15 წლით ადამიანის დასჯაში, რადგან პოლიციელს ეს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.


თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი 2020 წლის 20 აპრილს დააკავეს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა“, – აცხადებდა პროკურატურა.