BBC-ის ინფორმაციით, ჰენეპინის ოლქის პროკურორმა, მაიკლ ფრიმენმა, პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ბრალი ორი მუხლით წაუყენა – მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. შოვინი თეთრკანიანი ოფიცერია, რომელმაც შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას ფიზიკური ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც ფლოიდი გარდაიცვალა.
პროკურორის თქმით, იმ სამი პოლიციელის „ბრალდებებიც მოსალოდნელია“, რომლებიც დერეკ შოვინთან ერთად იყვნენ დაკავების ადგილზე. პროკურორის განცხადებით, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბრალის წარდგენა გაცილებით სწრაფად მოხდა, ვიდრე ოდესმე.
პარასკევს საღამოს თეთრი სახლი მას შემდეგ დაიკეტა, რაც საპროტესტო აქცია თეთრი სახლის გარეთაც გაიმართა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში, ჩიკაგოში, დენვერში, ჰიუსტონში, ლუისვილში, ფენიქსში, კოლუმბუსსა და მემფისიში.
BBC წერდა, რომ მომიტინგეები დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელის დასჯას მოითხოვდნენ. ისინი, ასევე, სამართალდამცავებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ აფროამერიკელების მიმართ სასტიკი მოპყრობა. ასეთივე მოთხოვნა ჰქონდა დაღუპულის დას, ბრიჯიტ ფლოიდს. მას უნდა, რომ დაკავებაში ჩართულ ოთხივე პოლიციელს ბრალი მკვლელობის ბრალდებით წარედგინოს.
შემთხვევა, რომელსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ორშაბათ საღამოს მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი კაცი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.