პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, კიდევ ორი პირი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია – მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ინციდენტში მონაწილე დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში.

დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე კი ის ჩოხატაურის მერი იყო.