პოლიციის დამოკიდებულება ხშირად რეპრესიას და შიშის დანერგვას ეფუძნება - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გავრცელებულ ვიდეოზე

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დღეს გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად პოლიციელი ახალგაზრდა კაცს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კადრებში ჩანს, თუ როგორ უგულებელყოფს პოლიცია ზრუნვისა და მხარდაჭერის მოვალეობას და ამის ნაცვლად, სმენისა და მხედველობის შეფერხების მქონე კაცს ჩაგრავს, რომლის ღირსებაც ილახება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ნათელია, რომ ეს არაა ერთეული შემთხვევა, რაც სამართალდამცავი უწყებების ანგარიშვალდებულების ნაკლებობასა და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მორგების შედეგს აჩვენებს.

„უფლებამოსილების გადამეტების ასეთი მძიმე შემთხვევები ვერ იარსებებს ჰუმანურობაზე და ადამიანის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრუქტურაში. საკმარისია სულ ერთი თვის წინ, ბათუმში, ჟურნალისტების გიორგი არობელიძის და რატი რატიანის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციის გახსენებაც, სადაც ისინი მიუთითებდნენ პოლიციის განყოფილებაში მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევაზე.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამგვარი პრაქტიკა უწყების ჩაკეტილობის, ნაკლები ანგარიშვალდებულების და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მორგების შედეგია. სამართალდამცავი უწყებების ურთიერთობა ადამიანთან ხშირად რეპრესიას და შიშის დანერგვას ეფუძნება“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.


დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.

ვიდეომასალაზე ასახულია, რომ პოლიციელს მოქალაქე შეკრული ხელებით ესკალატორზე აჰყავს, შემდეგ კი ერთ-ერთ ოთახში შეჰყავს და თავისა და სახის არეში ურტყამს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელის მიერ ახალგაზრდა კაცის ცემის ვიდეოკადრებზე მოკვლევა დაიყო და მასალები უკვე გადაეგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

მათივე ცნობით, იქსპექტორის სამსახურმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.